წმინდა გიორგის მინანქრის გამოსახულება მე-15 საუკუნეშია შესრულებული. წმინდა გიორგის კულტი ოდითგანვე განსაკუთრებით გავრცელებული იყო მთელ საქართველოში.

გრემის მთავარანგელოზთა ეკლესია (1565) მეფის სასახლესთან ერთად ჰარმონიულ ანსამბლს ქმნის.

თბილისის ჩრდილოეთით, მდინარე არაგვის ხეობაში მდებარეობს მე-17 საუკუნის დიდებული ანსამბლი - ანანურის ციხე-სიმაგრე, არაგვის ერისთავთა სამფლობელო. მთავარი ეკლესია 1689 წელს არის აგებული.

წმინდა საფარი (1632-82) ქართული ნაქარგობის საუკეთესო ნიმუშია (აბრეშუმი, ოქრომკედი და აბრეშუმი აბრეშუმზე, ვერცხლის ძაფი ხავერდზე). გამოსახულია ქრისტეს დატირების სცენა. ქვედა მარჯვენა კუთხეში წარმოდგენილია დონორი დამკვეთი - დედოფალი მარიამი, მეფე როსტომის (1632 -59) მეუღლე.

ყოველი ისტორიული მოვლენა, ცხადია, მეტად თუ ნაკლებად ზემოქმედებას ახდენს ხელოვნების განვითარებაზე.

სპარსული არქიტექტურის და მინიატურის ძლიერი გავლენა იგრძნობა მე-17-18 საუკუნეების ქართულ ხელოვნებაზე. აქედან გაჩნდა ქართულ ნაგებობებში შეისრული თაღები და სხვადასხვა უცხო, თუმცა ადგილობრივი ფორმებისთვის ორგანულად მორგებული დეკორატიული ელემენტი.

„ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერი შესრულებულია მე-17-18 საუკუნეებში მხედრული დამწერლობით. შესამჩნევია სპარსული მინიატურის გავლენა. გარდა სტილისტიკური გავლენისა, ნიშანდობლივია, რომ ერთ-ერთ ილუსტრაციაში რუსთაველის გმირი ავთანდილი წერილს მარჯვნიდან მარცხნივ წერს, ქართულისათვის საპირისპირო მიმართულებით.

ორი ვერცხლის ფირფიტა ქტიტორთა გამოსახულებით (1640) შესრულებულია ლევან დადიანის საოქრომჭედლო სახელოსნოში სამეგრელოში, სოფელ კორცხელში. წარმოდგენილნი არიან სამეგრელოს მმართველი ლევან მე-2 დადიანი (1611-58) და მისი მეუღლე ნესტან დარეჯანი. ხალიჩისებრი ფონი, ორნამენტი, ფიგურათა ჩაცმულობა და თავსაბურავები სასანიდური სპარსეთის გავლენას მოწმობს. ეს იყო კორცხელის ეკლესიის დიდი ხატის ნაწილები.

მაღალმთიან სვანეთში ადგილობრივი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ორიგინალური კულტურა განვითარდა. განსაკურებით დამახასიათებელია სვანური კოშკები, რომლებიც იქაური საცხოვრებელი კომპლექსის შემადგენელი ნაწილია და თავდაცვის ფუნქციას ასრულებდა. კოშკი, რომლის ერთადერთი მოსართავი სათოფურებია, ე.წ. მაშიკულები - ლაკონური არქიტექტურით და სისადავით მართლაც მცველებივით არიან ჩარიგებული სვანურ სოფლებში და ორგანულად ერწყმის დათოვლილ მთებს.

1783 წელს საქართველო იძულებული გახდა რუსეთთან ნებაყოფილობითი აქტი გაეფორმებინა და მისი მფარველობის ქვეშ მოქცეულიყო. 1801 წლიდან ქვეყანა რუსეთის იმპერიის გუბერნიად იქცა. 1918 წელს საქართველოს დაუბრუნდა დამოუკიდებლობა, მაგრამ მხოლოდ სამი წლით. 1921 წელს თბილისის თავზე ბოლშევიკებმა წითელი დროშა ააფრიალეს და 1989 წლამდე საქართველო საბჭოთა რესპუბლიკას წარმოადგენდა. აქ ხელოვნება პოლიტიკურ-იდეოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა.

1921 წელს მენშევიკური მთავრობის წევრებმა ემიგრაციაში თან წაიღეს სხვადასხვა მუზეუმიდან შეკრებილი ქართული სიძველეებით სავსე 39 სკივრი. ეს საგანძური მარსელში ჩაიტანეს და ბანკის საცავში მოათავსეს. შემდეგ უძვირფასესი ტვირთი პარიზის ერთ - ერთ ბანკში გადაიტანეს. 1935 წელს, საქართველოს საგანძურის მცველმა ექვთიმე თაყაიშვილმა საფრანგეთის მთავრობას თხოვნით მიმართა საქართველოსათვის დაებრუნებინათ ტვირთი. 10 წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი რომ დამთავრდა, ეს ნიმუშები დაუბრუნდა საქართველოს.

1862 წელს უცნობმა მხატვარმა შექმნა ქართველ დიდგვაროვანთა ჯგუფური პორტრეტი, რომელშიც ქართული კედლის მხატვრობის ტრადიციაც საგრძნობია, სპარსული მონიატურის გავლენაც იგრძნობა და ახალი ქართული ხელოვნებაც არის ნაწინასწარმეტყველები.

ნიკო ფიროსმანი (1860-1918) იყო თვითნასწავლი მხატვარი, რომლის შემოქმედებაში საუკეთესოდ აისახა მისი თანამედროვე თბილისის და აგრეთვე, მშობლიური კახეთის კოლორიტი. ის შავ მუშამბაზე ხატავდა. მის მიერ შექმნილი სურათები მონუმენტური ხასიათისაა და თანაც ძალზე ინტიმურია, გრძნობით გამთბარი. მათ შორისაა „მეთევზე” და „ნატიურმორტი”.

ახალი ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი და უდიდესი წარმომადგენელია დავით კაკაბაძე (1889-1952). მან ქუთაისში, თავის ეზოში ნანახი სცენა განაზოგადა და შექმნა საკუთარი დედის პორტრეტი მშობლიური იმერეთის პეიზაჟის ფონზე. ამ სინთეტურ სურათს მხატვარმა უწოდა „იმერეთი-დედაჩემი” (1918).

ლადო გუდიაშვილის (1896-1978) სურათებმა შემოგვინახა ძველი თბილისელი ქალაქელების - ყარაჩოღელების და კინტოების პლასტიკა. მხატვარი თავად შესანიშნავად ცეკვავდა და მოხდენილად ასრულებდა მათ ცეკვებს. ტილო „ცოცხალი“ (1920) გუდიაშვილისათვის დამახასიათებელი არტისტიზმით არის აღსავსე.

ელენე ახვლედიანი (1901-1974) ძირითადად ძველი თბილისის უბნებს ხატავდა, დამახასიათებელი მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით, აივნიანი სახლებით, აღმართ-დაღმართებით.

ფელიქს ვარლამიშვილმა (1903-1986) თავისი ცხოვრების ძირითადი ნაწილი პარიზში გაატარა, მაგრამ რასაც ემიგრაციაში ხატავდა, საქართველოსადმი ნოსტალგიით იყო განმსჭვალული.

ლევან ცუცქირიძემ (დ.1926) „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებში (1966 წ.) ქართული ფრესკის სიფაქიზე და მონუმენტურობაც ჩააქსოვა და ამავე დროს, მათ თანამედროვე, ლაკონურად მეტყველი ფორმა მიუსადაგა.

1960-იან წლებში ნიკოლოზ იგნატოვმა (დ. 1937) საქართველოს მიწის დიდი ფერწერული კოლაჟები შექმნა.

თავისუფალი მონასმები ალექსანდრე ბანძელაძის (1927-1992) აბსტრაქტულ ტილოებს ექსპრესიული დინამიზმით აღავსებს.

ოფორტის ტექნიკით თამაზ ვარვარიძე (დ.1945) წარმოსახვით პეიზაჟს ქმნის.

ლევან ჭოღოშვილი (დ.1952) თავის სურათებზე კეთილშობილი წინაპრების სახეებს გამოსახავს.

გია ბუღაძე (დ. 1955) საქართველოს ისტორიის ფურცლებს აცოცხლებს.

მრავლისმთქმელია ირაკლი ფარჯიანის (1950-1991) უკიდურესად ლაკონური აბსტრაქცია (1991).

საქართველოს დედაქალაქის სახელწოდება - თბილისი წარმოდგება სიტყვიდან თბილი. ეს ქალაქი განთქმული იყო გოგირდის ცხელი აბანოებით. ერთხელ, ნადირობისას მეფე ვახტანგ გორგასალმა (მე-5 საუკუნე) ხოხობი მოკლა. მეფის მიერ აფრენილმა შევარდენმა იგი ცხელ წყალში აღმოაჩინა. მეფემ შემდეგ ამ ადგილზე ქალაქის გაშენება და დედაქალაქის მცხეთიდან გადმოტანა ბრძანა.

მეტეხის ტაძარი (1278-1289) დაქალაქის ძველი უბნებისათვის დამახასიათებელი აივნიანი სახლები კოლორიტულ პეიზაჟს ქმნის.

თბილისში ბევრი სამხატვრო გალერეაა. მათ შორის მთავარია ეროვნული, ე.წ. ცისფერი გალერეა. გარდა ამისა, შეგიძლიათ ეწვიოთ გალერეებს: TMS თანამედროვე ხელოვნების, ვერნისაჟი, შარდენი, ძველი გალერეა, ორიენტი, ჰობი, N, ახალი გალერეა და სხვა. ქარვასლის შენობაში მოთავსებულია თბილისის სახელმწიფო მუზეუმი. ამავე შენობაში რამდენიმე გალერეაა მოთავსებული.

ქართული ხელოვნების განვითარების საკითხებს იკვლევს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი, რომელიც 1941 წელს დაარსდა. მისი თანამშრომლები სწავლობენ ძირითად საკითხებს. მაგრამ ცხადია, ისინი მარტო არ არიან. არსებობს აგრეთვე სხვა ცენტრები: ი. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი, ი.აბაშიძის სახ. ქართული ენციკლოპედიის რედაქციის ძეგლთა ნუსხის განყოფილება და სხვა.

ქართული ხელოვნების ნიმუშები ინახება ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო და შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმებში, ასევე, ხელნაწერთა ინსტიტუტში. ამ დაწესებულებებში სამეცნიერო - კვლევითი მუშაობა წარმოებს.

ქართულ ხელოვნებას უამრავი ადამიანი იკვლევდა და იკვლევს. ბევრი მათგანი ჩემი მასწავლებელი იყო, ბევრი ჩემი კოლეგაა. ყველას მინდა მადლობა მოვახსენო, ვინც თავის შრომით საფუძველი შექმნა ამ გვერდების მომზადებისათვის. ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, ენათმაცნიერები შეისწავლიან არქიტექტურის, ფერწერის, პლასტიკის ნიმუშებს, აწარმოებენ აზომვებს, ჩაჰკირჰიტებენ ხელნაწერებს და თავიანთი შესწავლის ობიექტებს ერთ ჯაჭვში ათავსებენ. ეს ჯაჭვი წლების გამნავლობაში მათივე შრომით ყალიბდება და ივსება. ბევრი ადამიანი შრომობს ქართული ხელოვნების ნიმუშთა მხატვრული ფასის და მნიშვნელობის წარმოსაჩენად. მათი შრომა უკვალოდ არ ქრება.

ჩვენ მოკლედ გადავავლეთ თვალი ქართულ ხელოვნებას. ცხადია, იგი გაცილებით უფრო ვრცელია. ბევრი რამ გამოვტოვეთ, ბევრ საკითხს ვერ დავუთმეთ ყურადღება. შევეცადეთ გაგვეზიარებინა მხოლოდ ძირითადი, ყველაზე არსებითი. თუ კითხვები გაგიჩნდებათ ან რომელიმე საკითხზე მეტის შეტყობის სურვილი გაქვთ, მოგვწერეთ და სიამოვნებით გიპასუხებთ.

თბილისი 2001