მცხეთის სვეტიცხოველი (1029 წ.) საქართველოს უდიდესი ტაძარია. გეგმაში წარმოადგენს სწორკუთხედს, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ სიგრძეშია გაწოლილი. მაღალი გუმბათი თავისუფლად მდგარ ოთხ სვეტს ეყრდნობა. შთამბეჭდავია ინტერიერი სიმაღლეში განზიდული პროპორციებით. ძეგლის ჩრდილოეთის ფასადზე გამოსახულია ხუროთმოძღვრის - არსუკიძის მარჯვენა. დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია - იკითხება წარწერა გამოსახულების გვერდით. ამ ლეგენდაზე დაფუძნებით შეიქმნა მე-20 საუკუნის ქართველი მწერლის - კონსტანტინე გამსახურდიას რომანი დიდოსტატის მარჯვენა.

კახეთის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ნიშნები გამოარჩევს ალავერდის ტაძარს (მე-11 საუკუნის პირველი მეოთხედი). ის ზემოთ არის ატყორცნილი. დეკორი სრულიად უგულველყოფილია. ტაძრის ინტერიერის შთამბეჭდავ სივრცეს საქართველოში პარალელი არ მოეძებნება.

1030 წელს ეპისკოპოსმა ილარიონ სამთავნელმა ააგო სამთავისის ტაძარი. ეს თავისი ეპოქის ერთ-ერთი უმშვენიერესი ძეგლია. გეგმა კომპაქტურია: დასავლეთის მკლავი დამოკლებულია და გეგმაში ნაგებობა თითქმის კვადრატს უახლოვდება. აღმოსავლეთის ფასადის მორთულობა - ჯვარი, სარკმელი და რომბები ხუთ დეკორატიულ თაღთან ერთად, საკურთხევლის ორივე მხარეს თითო სამკუთხა ნიშით, დამახასიათებელია ამ ეტაპის ქართული არქიტექტურისათვის.

საოცარი ბარელიეფებით არის შემკული ნიკორწმინდის ტაძარი (1010-14), რაჭაში.

მე-10 საუკუნის დასარულს და მე-11 საუკუნის დასაწყისში სამხრეთ საქართველოში, საღოლაშენის საოქრომჭედლო სახელოსნოში შესრულებულ ვერცხლის ფირფიტაზე გამოსახულია ხარების სცენა. ჩვენამდე მოღწეული კიდევ ხუთი მსგავსი ფირფიტა საღოლაშენიდან. ისინი შესაძლებელია კანკელს ამკობდა. დანარჩენ ფირფიტებზე გამოსახულია: ტაძართმოყვანა, მარიამის და ელისაბედის შეხვედრა, ნათლისღება, ამაღლება. ყოველი კომპოზიცია თავისი დეკორატიული ჩარჩოთი ვერცხლის ერთ ფირფიტაზეა ამოკვეთილი.

ატენის ეკლესიის ფრესკები მე-11 საუკუნის მეორე ნახევარშია შესრულებული.

ქვეყანაში ფართო აღმშენებლობა გაუთავებელი ომიანობის ფონზე მიმდინარეობდა. საქართველოს 1068 წლიდან ახალი მტერი გამოუჩნდა თურქ-სელჯუკების სახით, მაგრამ ქვეყნის აღმავლობას ამან ხელი ვერ შეუშალა.

გელათის ტონდო (ვერცხლი, მოოქვრილი, ვერცხლი) მე-11 საუკუნეშია შექმნილი. ნამუშევარი წარმოგვიდგენს ლომზე ამხედრებულ წმინდა მამაის. მამაი 275 წლის 2 სექტემბერს სასიკვდილოდ აწამეს ქრისტიანობის მიღების გამო. ლომზე ამხედრებული მამაის გამოსახულება არც ბიზანტიაში გვხვდება და არც ახლო აღმოსავლეთში. ეს იკონოგრაფიული სახე დამახასიათებელია ქართული ხელოვნებისათვის.

წმინდა მამაის სახეს ვხვდებით ქართულ ფრესკებზეც: იშხნის და მანგლისის ეკლესიებში (ორივე მე-11 საუკუნე). იგივე წმინდანი წარმოდგენილია ასევე მე-12 საუკუნის ხელნაწერში - წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებანი. ამ ხელნაწერისათვის შესრულებული მინიატურები ფრესკებს მოგვაგონებს.

1089-1125 წლებში საქართველოში მეფობდა მეფე დავით მეოთხე, აღმაშენებლად წოდებული. მან აღადგინა საქართველოს ძლიერება, აღაშენა იგი. კიდევ უფრო გაძლიერდა ქვეყანა თამარ მეფის (1184 -1213) დროს. ეკონომიკურმა დაწინაურებამ გამოიწვია კულტურის საოცარი აღმავლობა. საქართველო მაშინ წინა აზიის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო. ქვეყანა შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და შორს სამხრეთით იყო გადაჭიმული.

დავით-გარეჯის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეში დააარსა დავით გარეჯელმა - ერთ-ერთმა იმ ცამეტი ასურელი მამიდან, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის განსამტკიცებლად იყვნენ მოვლენილნი. საუკუნეების განმავლობაში მონასტერი გაიზარდა და გაძლიერდა. აქაურ ეკლესიებში და სატრაპეზოებში ორიგინალურ ფრესკებს ვხვდებით.

დავით აღმაშენებლის დროს გაიხსნა აკადემია გელათის მონასტერში. გელათის მთავარი ტაძარი დაარსდა 1106 წელს. მის მარჯვნივ და მარცხნივ მე-13 საუკუნის ეკლესიები დგას.

გელათის მოზაიკა მთავარანგელოზის გამოსახულებით მე-12 საუკუნეშია შესრულებული.

გელათის ფრესკამ შემოგვინახა დავით აღმაშენებლის პორტრეტი (1120-30). დიდი მეფე ამავე მონატერშია დასაფლავებული.

საეკლესიოსთან ერთად ჩვენამდე შემოინახა საერო შინაარსის ხელნაწერი წიგნებიც. ეს ასტრონომიული ტრაქტატის გვერდია, რომელიც 1188 წელს არის შესრულებული.


ჯვარი, რომელიც დედოფალ თამარს ეკუთვნოდა, საქართველოს ერთ-ერთი რელიქვიაა. თამარის ეპოქაში შეიქმნა ხელოვნების და ლიტერატურის ბრწყინვალე ნიმუშები, მათ შორის, შოთა რუსთაველის პოემა ვეფხისტყაოსანი.

მე-12 საუკუნეში ვარძიაში შეიქმნა კლდეში გამოკვეთილი უზარმაზარი კომპლექსი, რომელშიც ასობით საკანი იყო. ვარძიის მთავარმა ეკლესიამ შემოგვინახა მეფე გიორგი მე-3 - ის (1156-1184) და მეფე თამარის პორტრეტები.

ანჩისხატის ტრიპტიქონი (ვერცხლი, მოოქვრილი ვერცხლი) თამარ მეფის და შოთა რუსთაველის ხანის (მე-12 საუკუნე) უდიდესი ოსტატის ბექა ოპიზარის ნახელავია.

თამარის გამოსახულება ასევე აღბეჭდილია ბეთანიის ეკლესიის (მე-12-13 საუკუნეების მიჯნა) კედელზე. მის მარცხნივ გამოსახულია მისი ვაჟი ლაშა გიორგი, მარჯვნივ მეფე გიორგი მე-3.

ეს უძვირფასესი ხატი ქართული ლითონმქანდაკებლობის საუცხოო ნიმუშია. იგი დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. როდესაც სამივე ფრთა გაშლილ მდგომარეობაშია, ტრიპტიქონი 147 სმ სიმაღლის და 202 სმ სიგანის არის. ცენტრში მოთავსებულია მე-10-11 საუკუნეების მინანქრის ხატი ღვთისმშობლის გამოსახულებით (54 X 41). იგი 1859 წელს დაიკარგა. სახე და ხელები შემდგომ კერძო კოლექციაში აღმოაჩინეს. ხატი მდიდრულად არის დამშვენებული ტიხრული მინანქრის ნიმუშებით. მე-10 - 11 საუკუნეების მიჯნაზე ღვთისმშობლის გამოსახულება ხახულის კათედრალს ეკუთვნოდა (ახლა თურქეთის ტერიტორიაზეა). თურქ სელჯუკთა შემოსევის დროს ეს რელიქვია გელათის მონასტერში გადაიტანეს. შემდგომ მას გვერდითა ფრთები მიუყენეს და მდიდრულად მორთეს. მინანქრის მოსართავების ნაწილი ქართველ ოსტატთა ნახელავია, ნაწილი კი ბიზანტიელებისა. ტრიპტიქონზე მუშაობა დასრულდა მე-11 საუკუნის ბოლოს და მე-12 საუკუნის დასაწყისში. ეს შედევრი ნამდვილად გამოხატავს ერთიანი ცენტრალიზებული საქართველოს მონარქიულ ძლიერებას.

წყაროსთავის სახარება 1195 წელს ტაო-კლარჯეთში შეიქმნა ტბეთის მოძღვარის შეკვეთით. შესრულებულია ნუსხური დამწერლობით. გამოყენებულია მოოქვრილი ვერცხლი, ვერცხლი, ტყავი, ქვები, მელანი პერგამენტზე. ყოველი სახარების წინ მახარებელია გამოსახული. გარეკანი ბექა ოპიზარის მოჭედილია. წინა ყდაზე გამოსახულია ჯვარცმა, უკან - დეისუსი.

მინანქრის ეს ფირფიტა მე-12 საუკუნისაა და წარმოგვიდგენს ქრისტეს მიერ ლაზარეს აღდგინების სცენას. აქ კარგად ჩანს, თუ როგორი მხატვრული დატვირთვა აქვს ტიხრული მინანქრის ნიმუშებში ოქროს ტიხრებით შექმნილ გრაფიკულად მკვეთრ ხაზებს.

ოთხთავი A-496 მე-13 საუკუნისაა. ამ ილუსტრაციაზე წარმოდგენილია მახარებელი მარკოზი. აქ ვხედავთ, თუ რა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ოქროს ფონი ხელნაწერების მხატვრულ გადაწყვეტაში.

ყინწვისის ეკლესიის კედელზე გამოსახული ანგელოზი, რომელიც ქრისტეს ცარიელ საფლავზე მიუთითებს, ქართული ხელოვნების ჭეშმარიტი შედევრია. შექმნილია მე-13 საუკუნეში.

მე-13 - მე-14 საუკუნეებში საქართველოს ჯერ მონღოლები, შემდეგ თურქ-სელჯუკები შემოესივნენ. ამ დროისათვის საქართველომ დაკარგა ადრინდელი ძლიერება, ის კვლავ დაქუცმაცდა და მტერთან გამკლავება უჭირდა. განსაკუთრებით გართულდა ქვეყნის მდგომარეობა კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ. საქართველო მოწყდა დასავლურ ცივილიზაციას და მაჰმადიანური სახელმწიფოებით გარშემორტყმული ძლივსღა გმინავდა. თუმცა, მიუხედავად გარკვეული გავლენებისა, მან მაინც შეძლო საკუთარი სახის და კულტურის შენარჩუნება.

უბისის ფერწერული ხატი მარიამის გამოსახულებით შესრულებულია მე-14 საუკუნეში. ეს ხატი დეისუსის ნაწილია.

მე-15 საუკუნის ეს მინიატურა წარმოგვიდგენს მიქელ მთავარანგელოზის მიერ ამბაკუმის წაყვანას. იგი ამკობს ფსალმუნს H-1665.