საქართველოს ტერიტორიაზე შემორჩენილია წინაკლასობრივი საზოგადოების არქიტექტურის ნაშთები - პირველყოფილი ადამიანის გამოქვაბულები და მეგალითური ნაგებობები, ე.წ. ციკლოპური სიმაგრეები, დოლმენები, კრომლეხები და საკულტო მენჰირები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა მე-4 - 2 ათასწლეულების დიდი დასახლებებიც.

უძველესი დასახლებების ადგილებზე მრავლად არის აღმოჩენილი შავი გამომწვარი კერამიკული ჭურჭელი გარედან ლითონისებრი კრიალა, შიგნიდან კი ღია ყავისფერი ზედაპირით. ამ ტიპის ნაწარმს შავკრიალა კერამიკას უწოდებენ. ეს ქოთანი ქრისტეს შობამდე მე-3 ათასწლეულის მეორე ნახევარს განეკუთვნება.

ლომის პატარა ოქროს ქანდაკება ალაზნის ველზე, ერთ-ერთ ყორღანში აღმოაჩინეს. ეს ამ ტიპის პირველი სკულპტურული გამოსახულებაა, ნაპოვნი ამიერკავკასიის არეალში. შექმნილია ქრისტეს შობამდე 2300-2000 წლებში.

ოქროს, ქარვით და აქატით დამშვენებული თასი თრიალეთის ყორღანში, სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში აღმოაჩინეს. შესრულებულია ქრისტეს შობამდე მე-18-17 საუკუნეებში.

ირმის ფიგურა ქრისტეს შობამდე მე-14-13 საუკუნებში ბრინჯაოს თხელი ფირფიტიდან არის ჩამოსხმული და კახეთში, აღმოსავლეთ საქართველოში აღმოაჩინეს. უამრავი მსგავსი ფიგურაა ნაპოვნი საქართველოს ტერიტორიაზე.

ეს ხარის მცირე ზომის (10,5X8,2 სმ) ფიგურაც ბრინჯაოს არის (ქრისტეს შობამდე მე-6 ს.).

ქრისტეს შობამდე მე-6 საუკუნესა და ქრისტეს შობიდან მე-3 საუკუნემდე დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ორი სახელმწიფო არსებობდა: დასავლეთით ეგრისი, ანუ კოლხეთი, და აღმოსავლეთით ქართლი, ანუ იბერია. სურამის ქედი ჰყოფდა ორ სახელმწიფოს. იმავე პერიოდში დაარსდა ბერძნული კოლნიები შავი ზღვის სანაპიროზე.

ანტიკური ბერძნული ლიტერატურის მიხედვით ეგრისი ოქროთი მდიდარი ქვეყანა იყო. სტრაბონი აღწერს ეგრისელთა მიერ ოქროს მოპოვების ხერხს - ისინი მდინარეში ცხვრის ტყავს აფენდნენ და მის ზედაპირზე გროვდებოდა ოქროს ნაწილაკები. აქედან წარმოდგება ბერძნული მითი იასონსა და ოქროს საწმისზე. არგონავტებმა იასონის წინამძღოლობით შავი ზღვა გადმოსცურეს, კოლხეთს მოადგნენ, მდინარე ფაზისში (ახლანდელი რიონი) შესცურეს და კოლხთა სატახტო ქალაქს, ახლანდელ ქუთაისს ეწვივნენ. დასავლეთ საქართველოს სამარხებში აღმოჩენილი ძვირფასეულობა ადასტურებს მითებსა და ისტორიულ წყაროებში ასახულ ფაქტებს.


ამ ადგილებში მაღალი იყო არქიტექტურის და მშენებლობის განვითარების დონე. ვიტრუვიუსი აღწერს საცხოვრებლის ტიპს, რომელიც ე.წ. დარბაზის პროტოტიპს წარმოადგენს. დარბაზი გლეხური საცხოვრებლის სახეობაა, რომელიც კოლხეთში უკვე ქრისტეს შობიდან პირველ საუკუნეში არსებობდა და მე-20 საუკუნის დასაწყისშიც კი გავრცელებული იყო. ეს ერთსართულიანი საცხოვრებელია. ჩვეულებრივ მოთავსებული იყო მთის ან ბორცვის კალთაზე. ზურგი მიწაში ჰქონდა შეჭრილი. აქ მთავარი ინტერიერია. გადახურვა - ე.წ. გვირგვინი ჰორიზონტალურად დაწყობილი ხის კოჭებისაგან შედგება. ის პირამიდულად ზემოთკენ ვიწროვდება. მის წვერში დატოვებულია ხვრელი ჰაერისა და სინათლისათვის. გვირგვინი ხან კვადრატულია, ხან ოთხ- ან რვაწახნაგოვანი. მის ქვეშ მოთავსებული იყო შუა კერა. აქ ინთებოდა ცეცხლი, მზადდებოდა საჭმელი. გვირგვინი ეყრდნობა ორნამენტებით და ჩუქურთმებით დამშვენებულ ხის დედაბოძს.

ქართულში სიტყვას - დედა განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. დედამიწა, დედაენა - ეს ცნებები მოწმობს ქართველის განსაკუთრებულ პატივისცემას დედის მიმართ, რომელიც ამავე დროს მისთვის საიმედო დასაყრდენია. დედაბოძი იცავდა სახლს და ინახავდა მასში სითბოს.

ქრისტეს შობამდე მე-4-3 საუკუნეთა მიჯნაზე საქართველო პირველად გაერთიანდა. იმ დროს სამეფო ტახტი მცხეთაში იყო. არმაზის ციხე-სიმაგრე იცავდა მას.

ეს ოქროს, მინით გაფორმებული ხანჯლის ტარი (ქრისტეს შობიდან 170-80 წ.წ.) სწორედ არმაზისხევში აღმოაჩნეს.

ოქროს თავსამკაული ცხენების ფიგურებით (ქრისტეს შობამდე მე-6-5 ს.ს.) ერთ-ერთი შედევრია ახალგორის სამარხიდან. ის აქემენიდური სპარსეთის ხელოვნებასთან ჰპოვებს საერთოს. თუმცა, სპეციალისტებმა დაასაბუთეს, რომ საქართველოში, ადგილობრივი ოსტატების მიერ არის შექმნილი.

ასეთი ბრინჯაოს ბალთები (ქრისტეს შობიდან 1-3 საუკუნეები) მხოლოდ საქართველოსათვის არის დამახასიათებელი. მრავლად არის აღმოჩენილი იმერეთში და კახეთში.

ფეოდალური ხანა საქართველოში ახალი ერის მე-4-5 საუკუნეების მიჯნაზე ჩაისახა. დაახლოებით 337 წელს აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ქრისტიანობა. ეროვნული კულტურის სახე სწორედ ამ პერიოდიდან ყალიბდება.

ქრისტიანულმა ეკლესიამ, როგორც ახალი იდეოლოგიის დამამკვიდრებელმა, არქიტექტურას ახალი ფუნქციონალური მოთხოვნები დაუყენა.

უძველესი, მე-4 საუკუნის ბოლოს ეკლესიები ქრისტიანული ბაზილიკის ტიპისაა. ერთი მხრივ მათში თავს იჩენს ლოკალური ტრადიცია - დარბაზის ტიპის საცხოვრებლებში გამოვლენილი მისწრაფება ცენტრალურ-გუმბათოვანი კომპოზიციისაკენ და მეორე მხრივ, სწრაფად ვრცელდება გარედან შემოტანილი უგუმბათო ბაზილიკის ტიპი, სიგრძივ განვითარებული კომპოზიციით.

ეს ჩანს ამ პერიოდის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ნაგებობაში - ბოლნისის სამნავიან ბაზილიკაში (აგებულია 478-493 წლებში), რომელსაც ბოლნისის სიონი ეწოდება. შესასვლელები სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან არბილებს ბაზილიკის სიგრძივ ღერძს და ქმნის სივრცის ცენტრისტულ შეგრძნებას.

ბიჭვინთის ტაძრის იატაკის მოზაიკა საქართველოს ტერიტორიაზე ეკლესიის ინტერიერის მორთულობის ჩვენამდე მოღწეული პირველი ნიმუშია (მე-5 საუკუნე).

მე-5-6 საუკუნეებიდან შემოგვრჩა ქართული დამწერლობის პირველი მაგალითებიც. ერთ-ერთი მათგანი ნაპოვნია პალესტინის ქართულ მონასტერში. ქართული ანბანი ორიგინალურია. საუკუნეების განმავლობაში მან განვითარების რამდენიმე ფაზა განვლო და შესაბამისად სახელწოდებებიც შეიცვალა: ასომთავრული, ნუსხა-ხუცური (მე-9 საუკუნიდან) და მხედრული (დღევანდელი, მე-11 საუკუნიდან,). ეს ასომთავრული ანბანის ნიმუშია.

მე-6 საუკუნის შუა ხანებში საქართველოში ჩამოყალიბდა ე.წ. სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპი, რომელშიც სამი ნავი კედლებით არის გამოყოფილი. კედლებში გაჭრილია თითო კარი და ფაქტიურად იქმნება სამი დამოუკიდებელი ეკლესია, რომელთაც აქვთ საერთო ორქანობიანი გადახურვა. შუა ეკლესია უფრო მაღალი და სივრცით აღსავსეა. შენობის ეს ტიპი საქართველოს გარეთ არ გვხვდება. მისი ნიმუშია ქვემო ბოლნისის ბაზილიკა (მე-6 საუკუნე).

მე-6 საუკუნის შუა ხანიდან ქართულ არქიტექტურაში წამყვან ადგილს იკავებს ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრის თემა. ყალიბდება ე.წ. ტეტრაკონქის ტიპი. აქ გეგმაში იკითხება ნახევრად წრიული აფსიდებით დასრულებული ოთხი მკლავი. ცენტრალური კვადრატი გადახურულია გუმბათით. მკლავების მოცულობები სივრცეში ქმნიან ჯვარს. მრავალწახნაგოვანი გუმბათის სარკმლები სინათლეს ინტერიერში ჯვრის ცენტრისკენ მიმართავენ. ამ ტიპის განვითარების უმაღლეს წერტილს წარმოადგენს მცხეთის ჯვრის ტაძარი (586/7-604). მაღალ მთაზე, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან აღმართული ეკლესია ჰარმონიულად ერწყმის ბუნებრივ პეიზაяს და ყოველი წერტილიდან სრულყოფილ სურათს ქმნის.

ჯვარი ქართული არქიტექტურის აყვავების პირველ ეტაპს აღნიშნავს. ეს ეპოქა საქართველოში ფეოდალიზმის საბოლოო დამკვიდრებას დაემთხვა.

არაბების შემოსევებმა და აღმოსავლეთ საქართველოში მათი მმართველობის დაფუძნებამ რაც მოიცავს პერიოდს მე-7 საუკუნის მეორე ნახევრიდან ვიდრე მე-10 საუკუნემდე, ვერ შეწყვიტა ქართული ხელოვნების განვითარება. პირიქით, მე-8-9 სუკუნეების მიჯნაზე ქართული კულტურა ინტენსიური განვითარების ფაზაში შევიდა.

ამ ეტაპზე განსაკუთრებით დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო მშენებლობა მიმდინარეობდა სამხრეთ საქართველოში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე.

მე-9 ს. - ის ქვის რელიეფზე გამოსახულია აშოტ კუროპალატი - ტაო-კლარჯეთში ბაგრატიონთა დინასტიის ფუძემდებელი. იგი 786-828 წლებში მეფობდა. მან აღადგინა და განაშენა ოპიზის მონასტერი ისტორიულ კლარჯეთში. დღეს ეს თურქეთის ტერიტორიაა. რელიეფზე აშოტს უჭირავს სამონასტრო ეკლესიის მაკეტი.

მე-9 საუკუნიდან საქართველოში და უცხოეთში არსებულ ქართულ მონასტრებში იქმნებოდა ხელნაწერი წიგნები. ისინი დიდი რაოდენობით შემოინახა. ხელნაწერებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თვით დამწერლობას, ასოების მოხაზულობას.

ეს ადიშის ოთხთავის გვერდია (897წ.) მახარებლების ლუკას და იოანეს გამოსახულებით.

მარტვილის სარელიქვიო ჯვარი (ენკოლპიუმი) მე-9 საუკუნეშია შექმნილი. მასალად გამოყენებულია ვერცხლი, მოოქვრილი ვერცხლი, სევადი. წინა მხარეს გამოსახულია ჯვარცმა ასომთავრული წარწერით, რომელიც გვამცნობს: იესო ნაზარეველი, ებრაელთა მეფე.

ისევე, როგორც ბიზანტიაში, ტიხრული მინანქრის ხელოვნება ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. ქართული მინანქრის ყველა ნიმუში რელიგიური შინაარსის და დანიშნულებისაა. მინანქარი უმეტესად მზადდებოდა 24-კარატიანი ოქროს საფუძველზე. ლითონის ბაზისზე შემდგომ ნაზი ოქროს მავთულები (ტიხრები) მაგრდებოდა, რის შემდეგაც უჯრედები მინანქრის ფხვნილისაგან დამზადებული მასით ივსებოდა. ამის შემდეგ ნივთს მრავალგზის გამოწვავდნენ. ბოლოს აკრიალებდნენ. ქართული მინანქრის უამრავი ნიმუში, რომლებიც საქართველოს და მცირე რაოდენობით, მის ფარგლებს გარეთ არის შემორჩენილი, წარმოადგენს ხატების ნაწილებს, დამოუკიდებელ ფირფიტებს და მედალიონებს, რომლებსაც საეკლესიო ნივთების მოსართავად იყენებდნენ.

ტიხრული მინანქრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია მარტვილის ტრიპტიქონი (ენკოლპიუმი), რომელიც შესრულებულია მე-9 საუკუნეში. ცენტრალური სცენის ზომაა 8 X 9 სმ. მასალად გამოყენებულია ვერცხლი, მოოქვრილი ვერცხლი და მინანქარი. გამოსახულია დეისუსის სცენა ქრისტეს, მარიამის და იოანე ნათლისმცემელის ფიგურებით.

ჯრუჭის ოთხთავი შესრულებულია 940 წელს. აქ წარმოდგენილ გვერდზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით.

მე-10 საუკუნეში, არაბთა უკანასკნელი შემოსევის შემდეგ, საქართველო გაერთიანების და აღორძინების გზას დაადგა. ქვეყანას სათავეში ჩაუდგა დავით მესამე კუროპალატი, ტაო-კლარჯეთის მეფე. მან გააერთიანა სეპარატისტ ფეოდალთა მიერ დაქუცმაცებული საქართველო და მეფედ დასვა ბაგრატ მესამე ბაგრატიონი. ეს მოხდა 975 წელს. ქართული ხელოვნების აყვავების ხანა სწორედ მე-10 საუკუნის დასასრულიდან იწყება. ამ დროს ქვეყანა განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში შევიდა. აიგო უზარმაზარი კათედრალები.

ქუთაისის ბაგარატის ტაძრისთვის (1003 წ.) დამახასიათებელია დახვეწილი პროპორციები, დინამიური პროფილები და მდიდარი დეკორი. მიუხედავად იმისა, რომ 1691 წელს თურქებმა ააფეთქეს ტაძარი, რის შედეგადაც გუმბათი და ტაძრის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოინგრა, ინტერიერი ინარჩუნებს დიდებულებას და ჰარმონიას. ნაგებობა, მის გარშემო მიმოფანტულ ნანგრევებთან ერთად, რომანტიკულ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ბედიის თასის (999 წ.) მხოლოდ ზედა ნაწილია აღმოჩენილი, ფსკერი დაკარგულია. ასომთავრული წარწერა წარმოგვიდგენს დონორთა - აფხაზეთის მეფის ბაგრატ მესამის და მისი დედის, დედოფალ გურანდუხტის სახელებს. ბედიის ტაძარი ბაგრატ მესამის მიერ აგებული მთავარი ნაგებობა იყო. მეფე თავად არის დასაფლავებული ეკლესიის ინტერიერში ქართლის ცხოვრება მოგვითხრობს, რომ ბაგრატის მეფობის ბრწყინვალებაზე მეტყველებდა ბედიის ეკლესიაში შექმნილი საიუველირო ნაწარმი. ეს თასი ბედიიდან დღემდე შემორჩენილი ერთადერთი ნივთია. თასის ზედაპირზე 12 ფიგურაა წარმოდგენილი: ტახტზე მჯდომი ქრისტე წმ. იოანესა და წმ. იაკობს შორის, ღვთისმშობელი ჩვილით წმ. პეტრეს და წმ. პავლეს შორის, წმ. ანდრეა, ლუკა, მარკოზი, წმ. ლებეოსი, თადეოზი, ბართლომე. ფიგურები ოქროს ერთ ფირფიტაზეა ამოკვეთილი.