„Z“ - ქეთევან კინწურაშვილის არტლაინი

დავით კაკაბაძე

(1889-1952)

დიდი ქართველი მოდერნისტი


ბუნება - მასწავლებელი

დავით კაკაბაძე (1889-1952) იმერეთის ბუნებამ აქცია მხატვრად. ბავშვობიდან აღიბეჭდა მის გონებაში იმერეთის გორაკები, მშობლიური სახლი, ეზოში, ხის ქვეშ, კუნძზე ჩამომჯდარი დედა, თითისტარით ხელში და იქვე ფეხმორთხმული მამა, გრძელი ყალიონით. მის თვალს იტაცებდა შორეული მთები, მათზე დაფენილი მზის სხივებით და ხელით ნაკეთები ყოფითი ნივთები.


დ. კაკაბაძე. ქუთაისის ეზოში. დაახლ. 1913.

მან პირველი ორიგინალი მაშინ იხილა, როდესაც ვიღაც უცნობმა მხატვარმა მამის პორტრეტი დახატა. მამას - ნესტორ კაკაბაძეს ბორანი ჰქონდა გამართული რიონზე და იმით არჩენდა ოჯახს. ის კარგი მოსაუბრე იყო და მგზავრებს უყვარდათ მასთან ურთიერთობა. თავისი პორტრეტი მამამ სახლში, კედელზე დაჰკიდა. დავითი ცდილობდა როგორმე მისი მსგავსი დაეხატა. ხანდახან იგი სამღებრო სახელოსნოში ჩაირბენდა. მღებავები უარს არ ეუბნებოდნენ და კასრების ფსკერზე დარჩენილ საღებავებს უფასოდ ატანდნენ. ცდილობდა, ბუნებიდან ესწავლა, მისთვის მიებაძა, მაგრამ უკმაყოფილო რჩებოდა. ხვდებოდა, რომ ბევრი უნდა ესწავლა. გიმნაზიაში მის ნიჭს აფასებდნენ. მამაც ხელს უწყობდა.

 ქუთაისში ჯერ რუსმა კროტკოვმა გახსნა კერძო სტუდია, შემდეგ პოლონელმა პაევსკიმ. დავითი ორივე სტუდიაში სწავლობდა, მაგრამ ეს მხატვრები მოკლე დროით რჩებოდნენ ქალაქში. დავითი დამოუკიდებლად განაგრძობდა მუშაობას. უფროსმა ძმამ ვენიდან, სადაც ის უნივერსიტეტში სწავლობდა, სახელმძღვანელო გამოუგზავნა და მომავალი მხატვარი იქ მოცემულ რჩევებს მისდევდა, მაგრამ ყოველივე ეს საკმარისი არ იყო. მზით განათებული მწვანე ფოთლები სინამდვილეში გაცილებით უფრო შთამბეჭდავი იყო, ვიდრე მას გამოსდიოდა თავის პატარა ტილოებზე.


დ. კაკაბაძე. პეიზაჟი. 1908–1909.

  გიმნაზიის ბეჯითი მოსწავლე უმცროსკლასელებსაც ამეცადინებდა, რაშიც მცირე გასამრჯელოს იღებდა. შეგროვილი ფულით მან ფოტოაპარატი შეიძინა და პირველი ფოტო საკუთარ თავს გადაუღო. ეს ინტერესი უკვე მოწმობს სიახლისაკენ მის შინაგან სწრაფვას. მაგრამ იმ დრომდე ჯერ შორს იყო, როდესაც დავითს საშუალება მიეცემა შეიტყოს, თუ რა ხდება მსოფლიო მხატვრობაში, რა მოიტანა ახალმა ეპოქამ. რკინის, ინდუსტრიალიზაციის საუკუნე მის სამშობლოში ჯერ არ იყო დამდგარი.


დავითი მის მიერ გადაღებულ პირველ ფოტო-სურათზე. 1908.

ყველაზე მეტად ბაგრატის ტაძართან უყვარდა ასვლა. იქედან არე-მარეს რომ გახედავდა, სუნთქვა ეკვროდა აღფრთოვანებისაგან. თითქოს ჩიტივით გადაუფრენდა სამყაროს. თვითმფრინავი მას ჯერ არ ენახა. დიდხანს უტრიალებდა ტაძრის გარშემო მიმობნეულ, ზოგან ხავსმოკიდებულ არქიტექტურულ ფრაგმენტებს. ხელით ეხებოდა ორნამენტთა რთულ წნულებს. როგორც ჩამოსულმა პედაგოგებმა ასწავლეს, ზოგჯერ მათ ასლებსაც ასრულებდა. სურდა, ჩასწვდომოდა ამ ორნამენტების საიდუმლოს. ბუნება და ხელოვნება აქ ერთიანობაში წარმოუდგებოდა.

    მან არ იცოდა, რომ სადღაც შორს, ბავარიაში ვასილ კანდინსკი უკვე მიუახლოვდა აზრს, რომ ორი სამყარო - ერთი მხრივ, ხელოვნების და მეორე მხრივ, ბუნების, ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, რომ ხელოვნებას თავისი დამოუკიდებელი კანონები აქვს, რამაც აბსტრაქციონიზმის ერთ-ერთ მამამთავარს განსაკუთრებული თავისუფლება შესძინა.   

 

კაკაბაძე ჯერ ბუნებიდან სწავლობს, მაგრამ სეზანის, კანდინსკის და ზოგიერთი სხვა, მისთვის ასევე უცნობი მხატვრების მსგავსად, უფრო ღრმად სწვდება მას, ვიდრე ამის საშუალებას მხოლოდ ვიზუალური მხარე იძლევა. ეს იმიტომ, რომ მას სინათლე, სივრცე, ხაზი და ფერი უფრო შთააგონებს, ვიდრე კონკრეტული გამოსახულება. მაგრამ ჯერჯერობით ყველაფრის სწორედ კონკრეტულად ხილულთან შეწონასწორებას ცდილობს.


დ კაკაბაძე. იმერეთი. 1915.

მწვანის საიდუმლო მაინც განსაკუთრებით იზიდავს - მწვანე ბალახი, გელათის მონასტრის მწვანე სახურავები, მწვანე ხეები, სილურჯეში გადასული სიმწვანე მთების. საღებავის მონასმები მის მიერ შესრულებულ გელათის პეიზაჟში (1908) იმდენად თავისუფალია, რომ ფეთქავს და დამოუკიდებელ სიცოცხლეს იძენს. ძალიან ჰგავს იმას, რასაც იმავე დროს კანდინსკი აკეთებს, ბავარიაში.