„Z“ - ქეთევან კინწურაშვილის არტლაინი

დავით კაკაბაძე

(1889-1952)

დიდი ქართველი მოდერნისტი


ქართული საწყისი


ქართველ მეწარმეთა კავშირმა დავით კაკაბაძეს სტიპენდია დაუნიშნა და 1910 წელს იგი პეტერბურგში გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად. სამხატვრო აკადემიისათვის სათანადოდ მომზადებული არ აღმოჩნდა, კონკურსს ვერ გაუძლო, მაგრამ დრო არ დაუკარგავს - საბუთები უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე შეიტანა. ცხადია, მხატვრობისათვის მას არ უღალატია. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, იმავე წელს დმიტრიევ-კავკაზსკის კერძო სამხატვრო სტუდიაში დაიწყო სწავლა.

პეტერბურგში სწავლის პერიოდი მსოფლიო ისტორიისათვის უმძიმეს ისტორიულ გარდატეხებს დაემთხვა. ზუსტად ამ ქალაქში იქმნებოდა დიდი ნგრევის და ცვლილებების ხანა. მაგრამ დავით კაკაბაძეს არჩეული გზიდან არასოდეს გადაუხვევია. ის სწავლობდა და მუშაობდა.


დმიტრიევ-კავკაზსკი სტუდენტებთან ერთად (დავითი დგას მარცხნიდან მე-9). 1915.


დავითი ქუთაისში. 1908.

პეტერბურგის სამხატვრო ცხოვრებამ მისი მხატვრად ფორმირებისათვის გადამწყვეტი როლი შეასრულა. აქ დაეუფლა იგი ხატვის აკადემიურ საფუძვლებს. აქ ეზიარა სიმბოლიზმს, არტ ნუვოს (რომელსაც რუსი კრიტიკოსები მოდერნს უწოდებდნენ და ეს ტერმინი არ უნდა აგვერიოს მოდერნის საერთაშორისო გაგებასთან, რასაც ჩვენ უფრო მოდერნიზმს ვუწოდებთ). ყველა სტილის გავლენა იგრძნობა მის ადრეულ ნამუშევრებში. მაგრამ ის დაუღალავად ეძებდა საკუთარს, რაც იმავე დროს საზოგადოს ნიშნავდა, რადგან მას სურდა მიეგნო იმ საიდუმლოებისათვის, რაც მშობლიურის, ქართულის გამოხატვის საშუალებას მისცემდა.

იმ დროს ახალი ქართული ხელოვნება მხოლოდ ჩასახვის სტადიაში იყო. ისტორიული პირობების გამო ხანგრძლივად შუასაუკუნეების ჩარჩოებში დარჩენილ საქართველოში დაზგური ფერწერა მე-18 საუკუნის ბოლომდე არ განვითარებულა. მაშინაც იქმნებოდა მხოლოდ პორტრეტები, რაზეც სოციალური დაკვეთა გაჩნდა და მათ ჩამოსული, უცხოელი მხატვრები ასრულებდნენ. მე-19 საუკუნის დასაწყისიდან თბილისური პორტრეტის განვითარება, უკვე ადგილობრივი ოსტატების მონაწილეობით, თავისთავად პროგრესული მოვლენა იყო, მაგრამ მაინც ლოკალური.


დ. კაკაბაძე. ხელების ჩანახატი. 1909.

ქვეყანა ხელოვნების განვითარების ტენდენციებს მოწყვეტილი იყო. დროს ძლიერ ჩამორჩებოდა. მე-19 საუკუნის ბოლოდან, საქართველოში გამოჩნდნენ მხატვრები, რომლებმაც განათლება ევროპასა და რუსეთში მიიღეს. მათი სამშობლოში დაბრუნება მნიშვნელოვანი იყო დაზგური მხატვრობის განვითარებისათვის, მაგრამ მათ ეროვნული ფორმის იდეა არ დაუყენებიათ. ამასთან, მათი ხელოვნება აკადემიურ საფუძვლებს, ძირითადად, რუსულ რეალისტურ სკოლას ეყრდნობოდა და მოდერნისტული მისწრაფებებიდან ძალიან შორს იყო. თვით იმპრესიონიზმის ნიშებიც კი, ძალიან გვიან ჩნდება. ამასთან, ყოველივე ეს, სამხატვრო - საგანმანათლებლო კერების არარსებობის პირობებში (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე კერძო სტუდიას), თვით დავით კაკაბაძისთვისაც უცნობი რჩებოდა. ის ისე გაემგზავრა რუსეთში სასწავლად, რომ არაფერი იცოდა აღნიშნულის შესახებ. სამაგიეროდ, სწავლობდა ქართული ჭედური ორნამენტიდან, რომელსაც, უკვე სტუდენტმა, შრომაც კი მიუძღვნა; სპარსული მინიატურიდან, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გვიანი შუასაუკუნეების ქართულ ხელოვნებაზე, შუსაუკუნეების ქართული არქიტექტურიდან და ფრესკებიდან, რომელთა ასლებსაც ასრულებდა ხოლმე და, საქართველოს ბუნებიდან. მაგრამ როგორ გადმოეცა ჭეშმარიტად ქართულის შეგრძნება, რასაც თვალით ხედავდა და გულით ატარებდა, ჯერ არ იცოდა. ეძებდა!..


დ. კაკაბაძე. ავტოპორტრეტი სარკესთან. 1913.

რუსეთი იმ დროს მსოფლიო ავანგარდული ხელოვნების ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა. პეტერბურგში ფუტურიზმის მამამთავარი - ფილიპო ტომაზო მარინეტიც ჩამოვიდა. ახალგაზრდა მხატვრებს „მირ ისკუსტვოს“ ტრადიციები უკვე მოძველებულად ეჩვენებოდათ და ახალ გზებს ეძებდნენ. იქმნებოდა ახალი გაერთიანებები, მათ შორის განსაკუთრებით პოპულარული „სოიუზ მოლოდიოჟი“ (1909-1914) იყო. ამ დროს მოსკოვშიც ცოცხალი სამხატვრო - საგამოფენო მოძრაობა იყო გაშლილი. შჩუკინის და მოროზოვის კოლექციების წყალობით, იმპრესიონიზმი, ფოვიზმი, კუბიზმი ახალგაზრდების ხედვით არეალში იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შეეძლოთ ამ მიმდინარეობებზე კამათი, მათგან სწავლა და მათთან დაპირისპირებაც კი. ყოველივე ამან არაერთი მნიშვნელოვანი სახელის თუ მიმდინარეობის აღმოცენება გამოიწვია.

მოდერნიზმი დიდ მეტროპოლიებში იშვა და განვითარდა. ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის გარეშე, მისი გავრცელება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ეს არც მიმდინარეობაა, არც სტილი. ეს ეპოქალური აზროვნებაა, ეპოქისადმი დამოკიდებულების გამოხატვის ფორმაა.

პეტერბურგში ახლად ჩასული კაკაბაძე თავისუფალ დროს ერმიტაჟში ატარებდა და ძველი ოსტატების ტილოების ასლებს ასრულებდა. უკვირდებოდა და სწავლობდა. თავად ძირითადად პორტრეტებს ასრულებდა. საქართველოში ჩამოსული, პეიზაჟებსაც ქმნიდა, მაგრამ მათ კოლორიტშიც კი, საგრძნობია რუსული ფერწერის გავლენა.


1911 წლის შემოდგომაზე, ვასილიევის კუნძულზე, თბილისელი კირილე ზდანევიჩი, დედით ქართველი და მამით პოლონელი, იმ დროს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, შეხვდა ლევ დმიტრიევ-კავკაზსკის - ცნობილ მხატვარს და კოლექციონერს, დავით კაკაბაძის პედაგოგს. მან კავკასიის სიყვარულით დაუმატა საკუთარ გვარს ფსევდონიმი - კავკაზსკი. მისი სტუდია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იყო პეტერბურგის სამხატვრო სტუდიებს შორის. საუბრის დროს, მოხუცმა მხატვარმა მოუთხრო კირილეს, რომ მის სტუდიაში სწავლობდა ნიჭიერი ქართველი სტუდენტი, გვარად კაკაბაძე და მიიწვია იგი თანამემემულესთან გასაცნობად. კირილე მეორე დღესვე მივიდა დავითთან შესახვედრად. გაკვეთილის შემდეგ, მან ახლად შეძენილი მეგობარი თავის პატარა ბინაში წაიყვანა, სადაც ბევრი ისაუბრეს. კირილე და მისი ძმა - ილია, იმ დროს ძალიან გატაცებული იყვნენ ავანგარდული მხატვრობით, რომელიც დავითისათვის უცხო აღმოჩნდა. კირილემ დავითი ლე დანტიუსთან დაპატიჟა - ფრანგული წარმოშობის ახალგაზრდა რუს მხატვართან, რომელიც პეტერბურგის სამხატვრო აკადემიიდან „მემარცხენე“ მიდრეკილებების გამო გარიცხეს. კვირა დღეს, დავითი, კირილე და ილია მიხეილ ლე დანტიუს ესტუმრნენ. საუბარში დავითი რეალისტურ აკადემიურ პრინციპებს იცავდა, მისი ახალი მეგობრები კი აღტაცებით მოუთხრობდნენ უახლეს ხელოვნებაზე. დავითი ინტერესით ათვალიერებდა ლე დანტიუს კუბო-ფუტურისტულ ტილოებს.


დ. კაკაბაძე. ესკიზი კუბისტური ავტოპორტრეტისათვის. 1914.

ისტორიული თვალთახედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც 1910-იანი წლების პეტერბურგმა შესძინა მსოფლიო ავანგარდულ ხელოვნებას, კაზიმირ მალევიჩის სუპრემატიზმია, ხოლო ეს უკანასკნელი ორგანულად ამოიზარდა მის მიერვე შექმნილი კუბო-ფუტურიზმიდან. კუბო-ფუტურიზმში ერთმანეთს შეერწყა კუბიზმის და ფუტურიზმის ელემენტები. ლე დანტიუ სწორედ ამ სტილის მიმდევარი იყო და აღფრთოვანებით საუბრობდა მასზე. დავითი აკადემიური სკოლის პრინციპებს იცავდა. მაგრამ, როგორც ჩანს, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაჩნდა მისი ჩანახატების ალბომში ორი ესკიზი, რომლებიც მის კუბისტურ ავტოპორტრეტს (1914) დაედო საფუძვლად. დავით კაკაბაძემ ახალ ძიებებს მხარი აუბა.

 


დ. კაკაბაძე. კუბისტური ავტოპორტრეტი. 1914.

1913 წელს, ზდანევიჩების და ლე დანტიუს წრეში იხილა კაკაბაძემ ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებიც. სწორედ ამ ფაქტმა შეასრულა გადამწყვეტი როლი. დავით კაკაბაძემ მიაგნო იმ ქართულს, რისკენაც მიზანსწრაფულად ილტვოდა. აქედან იღებს სათავეს ქართული (ან ტფილისური) მოდერნიზმი, რომელსაც დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა.

ნიკო ფიროსმანი ყველასგან დამოუკიდებლად ქმნიდა. იგი იმას ეფუძნებოდა, რასაც ხედავდა და ამასთან, საკუთარ ინტუიციას მისდევდა. თავისდა უნებურად, იგი ქართული მოდერნიზმის წინამორბედი გახდა. რა იყო ამის მიზეზი, მისი ნამუშევრების მაღალი მხატვრული ხარისხის გარდა?


ფიროსმანი 1912 წელს აღმოაჩინეს ძმებმა ზდანევიჩებმა და ლე დანტიუმ. მანამდე მას მხოლოდ დამკვეთები და ის ადამიანები იცნობდნენ, ვინც იმ სამიკიტნოებს, დუქნებს და მაღაზიებს სტუმრობდა, სადაც მისი ნამუშევრები მყიდველის მიზიდვის - სარეკლამო მიზნით იყო წარმოდგენილი. პეტერბურგიდან არდადეგებზე თბილისში ჩამოსულმა, ავანგარდულად მოაზროვნე სამმა სტუდენტმა ფიროსმანი სამხატვრო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქცია. და არა მხოლოდ საქართველოში. მან უფრო მეტი დაფასება რუსეთში მიიღო, სადაც სულ მალე მისი ნამუშევრები „მიშენ“ - ის გამოფენაზე წარმოადგინეს. იმ დროს რუსეთში ნეოპრიმიტივისტული მიმდინარეობა იყო განვითარებული. ლარიონოვი, გონჩაროვა და მოწინავედ მოაზროვნე სხვა ახალგაზრდა მხატვრები, რომლებიც კარიერის დასაწყისში, დასავლეთიდან შემოსულ ტენდენციებს ანვითარებდნენ თავიანთ მხატვრობაში, ახლა ადგილობრივი ტრადიციებით დაინტერესდნენ და ხალხური ხელოვნების ნიმუშებიდან იღებდნენ შთაგონებას. ფიროსმანი სწორედ ამ ნეოპრიმიტივისტული აზროვნების ფარგლებში ექცეოდა და თანაც თავისი შემოქმედების ხარისხით იპყრობდა ყურადღებას. ეს ნეოპრიმიტივისტული ტენდენცია სწორედ მოდერნისტული აზროვნების გამომხატველი იყო. ცივილიზაციის ცენტრებში აღმოცენებული ფორმალისტური აზროვნებისათვის შთაგონება ცივილიზაციით და განათლებით შეურყვნელი ხალხური ტრადიციებიდან მოდიოდა. ყოველივე ამას საოცრად ზუსტად ერგებოდა ფიროსმანის წმინდა შემოქმედება. აი, სად იყო კონცენტრირებული ჭეშმარიტად ქართული საწყისი, რასაც კაკაბაძე ეძებდა.


დ. კაკაბაძე. ავტოპორტრეტი ბროწეულებით. 1913.

1913 წელს დავითმა შექმნა თავისი „ავტოპორტრეტი ბროწეულებით“, რომლის კოლორიტი უკვე ნათლად ამჟღავნებს ავტორის ეროვნულ წამომავლობას. ეს ის თავისებურებაა, რომლის სიტყვით გამოვლენა განსაკუთრებით ძნელია, მაგრამ თვალით ადვილად შესამჩნევია. ეს არის ის საწყისი, რომელიც კაკაბაძის აბსტრაქციების შეფასების დროს უცხოელი კრიტიკოსების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა.

„ავტოპორტრეტში ბროწეულებით“ მნიშვნელოვანია შავის როლი (ისევე, როგორც ფიროსმანთან) და ასევე მწვანის ტონალური მრავალფეროვნება (შარვალიც მწვანე ფერის არის) გრ.რობაქიძე წერს კოლორიტზე კაკაბაძის ნამუშევრებში: „დავით კაკაბაძეს აქვს თავისი კოლორი. ეს ბევრს ნიშნავს. იმერეთის განუმეორებელი სიმწვანე ზურმუხტოვან ფოთლებში დამუქებული - აი, მისი განუყრელი ფერი. მის სურათებში ეს ფერი სჭარბობს“ (პ. მარგველაშვილი, „დავით კაკაბაძის არქივიდან“, თბილისი, 1988, გ. 11).

 


დ. კაკაბაძე. იმერული ნატიურმორტი. 1918.

 

დავით კაკაბაძემ პეტროგრადის უნივერსიტეტი ბიოლოგის დიპლომით დაასრულა. საქართველოში 1918 წელს დაბრუნდა და მომდევნო წელს, ქართველ ხელოვანათა საზოგადოების მიერ მოწყობილ გამოფენაზე, რომელიც დღევანდელ ცისფერ გალერეაში გაიმართა, თავისი ფუნდამენტური ტილოები წარმოადგინა. ეს ნამუშევრები დღეს ქართული ხელოვნების საგანძურს წარმოადგენს. ზოგიერთ სხვა ქართველ მხატვართან ერთად, ამ ტილოებით დავით კაკაბაძემ საფუძველი დაუდო ახალ ქართულ ხელოვნებას და მის უდიდეს წარმომადგენლადაც მოგვევლინა. ეს ნამუშევრებია: „იმერეთი - დედაჩემი“, „იმერული ნატიურმორტი,“ იმერეთის პეიზაჟები.

 

პეიზაჟის და ნატიურმორტის ჟანრები სწორედ კაკაბაძის და მისი თაობის ზოგი წარმომადგენლის დამსახურებით განვითარდა საქართველოში, ხოლო „იმერეთი - დედაჩემი“ ეპიკური სურათია, რომელშიც კაკაბაძემ ერთმანეთს შეურწყა ეს ორი ჟანრი და განაზოგადა საქართველოს იდეა. ეს სიმბოლისტური ნამუშევრები თავიანთი შინაარსით ზუსტად შეესაბამება საქართველოს იმდროინდელ მრწამსს და მისწრაფებებს. ფორმის თვალსაზრისით, მათში შერწყმულია დავით კაკაბაძის მთელი იმდროინდელი ცოდნა და გამოცდილება.
 


დ. კაკაბაძე. იმერეთი - დედაჩემი. 1918.


დ. კაკაბაძე. იმერეთი. წითელი გზა. 1918.


ამ სურათებში მხატვარი გვევლინება როგორც ჭეშმარიტად ეროვნული მხატვარი, მაღალი დონის პროფესიონალი, რომელიც ერთსა და იმავე დროს, კლასიცისტიც არის და მოდერნისტიც. მის კომპოზიციებში ყველა დეტალი გააზრებულია და ურთიერთმიმართებაში შეწონასწორებული. არაფერი მერყეობს. მაგრამ შინაგანი რიტმი, პულსაცია ძალიან ძლიერია. ამ ნამუშევრებში ფეთქავს სამშობლოზე და შემოქმედებაზე ღრმად შეყვარებული ადამიანის, დიდი მოაზროვნის გული.