„Z“ - ქეთევან კინწურაშვილის არტლაინი

დავით კაკაბაძე

(1889-1952)

დიდი ქართველი მოდერნისტი


მოდერნიზმის ავანგარდში


დავითი (მარცხნივ) და შალვა ქიქოძე. 1923.

1919 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ დავით კაკაბაძე, ზოგიერთ სხვა ახალგაზრდა მხატვართან ერთად, პარიზში გააგზავნა. მას უახლესი მხატვრული მიმდინარეობების შესწავლა და მათში საკუთარი თავის გამოცდა ჰქონდა დასახული მიზნად. მხატვარმა მუშაობა კუბიზმის განხრით დაიწყო, რაც პეტერბურგში დაწყებული ექსპერიმენტების გაგრძელებაც იყო. მას იტაცებდა ხილული სინამდვილის ერთდროულად სხვადასხვა წერტილიდან დაფიქსირების კუბისტური ამოცანა. მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში ის მძაფრად გრძნობდა დროს, რომელსაც თავად „მაშინიზმის და კინემატოგრაფის“ ეპოქა უწოდა.

მას უფლება ჰქონდა თავი პარიზული მხატვრული ცხოვრების სრულუფლებიან წევრად ეგრძნო არა მხოლოდ იმიტომ, რომ პარიზი ყველას უღებდა კარს, არამედ იმიტომ, რომ თავად თვალს უსწორებდა დროს. როდესაც კინო-სურათებს უყურებდა, არ აკმაყოფილებდა, რომ მათში სამი განზომილება არ აღიქმებოდა. მოდერნისტებს უკვე დიდი ხანია უარი ჰქონდათ ნათქვამი გეომეტრიულ პერსპექტივაზე. ფერის პრობლემებზე მხატვართა არაერთი თაობა მუშაობდა და კაკაბაძეც შეუერთდა ძიებათა პროცესს.


დ. კაკაბაძე. გეომეტრიული კომპოზიცია. 1920.

კაკაბაძემ, 1921 წელს, ბრეტანში, წყალზე მდგარი ნავების ჯერ რეალისტური, შემდეგ კუბისტური და ბიომორფული გამოსახულებები შექმნა.

ყველა სერია აკვარელით არის შექმნილი და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ის განსაკუთრებულად იყენებს მას. ძირითადად იგი სიბრტყეზე სივრცის ასახვის პრობლემით არის დაკავებული, რომელსაც ჩინური და იაპონური გრაფიკის გავლენით წყვეტს.

 ეს ასვე დამახასიათებელია მოდერნისტული აზროვნებისათვის. ამ სერიებში ის თანდათანობით სწყდება ხილულ სინამდვილეს და აბსტრაგირების გზას ადგება. თუ გავითვალისწინებთ ბიომორფულ ფორმებს ერთ-ერთ სერიაში და მათი შექმნის დროს, შეიძლება ვთქვათ, რომ მოდერნიზმის ისტორიაში კაკაბაძე ერთ-ერთი პირველი ანვითარებს ორგანულ აბსტრაქციას.


დ. კაკაბაძე. ბრეტანი. 1921.


დ. კაკაბაძე. ნავები. 1921.



დ. კაკაბაძე. ნავები. 1921.


დავითის მიერ შექმნილი სტერეო კინო-აპარატი. 1925.


მხატვარს სულ თავში უტრიალებს სამგანზომილებიანი კინოს შექმნის იდეა. 1922 წელს ის ქმნის უსათვალო სტერეო-აპარატს, რისთვისაც პატენტებს იღებს ამერიკიდან და ევროპის მრავალი ქვეყნიდან.

იქმნება სააქციო საზოგადოება, რომელიც დავითს ტექნიკური აპარატის შექმნის და პირველი გამოსახულებების მიღების საშუალებას აძლევს, მაგრამ არასაკმარისი დაფინანსების გამო საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავს. შემდგომ, ამ ძიებების და აღმოჩენების საფუძველზე, დავითი ქმნის კოლაჟებს, რომლებიც სახვით ხელოვნებაში მის განსაკუთრებულ მიღწევად უნდა ჩაითვალოს. კოლაჟის ენას 12 წლით ადრე მიაგნო პიკასომ. ასევე ერთი დეკადით ადრე დუშანმა პირველი მზა ნაწარმი - რედი მეიდი შესთავაზა მაყურებელს. დადაისტები უკვე აქტიურად მიმართავდნენ ორივე ხერხს. კაკაბაძის კოლაჟები ორიგინალურია. ის იყენებს ლითონის ნაწილებს, ლინზებს, სარკეს, ხეს.


დ. კაკაბაძე. კონსტრუქციულ-დეკორატიული კომპოზიცია. 1924.


დ. კაკაბაძე. კონსტრუქციულ-დეკორატიული კომპოზიცია. 1924.

 

ამ საშუალებებით შექმნილი მხატვრული გამოსახულებები ორგანულ, ემბრიონალურ ფორმებს უახლოვდება. მხატვარი აქ ერთ-ერთი პირველი მიმართავს პულველიზატორს ფონის დასაფერად. კომპოზიციების უშუალო ნაწილს წარმოადგენს ორიგინალური ჩარჩოები - ხის ან ლითონის, სხვადასხვა დეტალით გაფორმებული. ზოგიერთ კომპოზიციას უკანა მხრიდან ელექტრონათურა აქვს მიერთებული და ჩართვისას, დამატებითი ეფექტი იქმნება. სარკე და მინა სიღრმის ახლებურად ასახვას ემსახურება და თანაც მასში არეკლილი გამოსახულებები უფრო დინამიკურს ხდის კომპოზიციას. მოციმციმე ნათურა ასევე დინამიკური ელემენტია. კოლაჟებში მკვეთრად აისახა დრო და ამავე დროს, კომპოზიციურად ისინი ისევე კონცენტრირებული და გაწონასწორებულია, როგორც კაკაბაძის ნებისმიერი ნამუშევარი.

1924-25 წლებში დავით კაკაბაძე ძირითადად ბიომორფულ აბსტრაქციებს ქმნის. მათში ორგანული, მცენარეული და ემბრიონალური ფორმები სჭარბობს. იზოლირებული მრუდხაზოვანი ფორმებით, თავისუფალ სივრცეში ერთი მონოლითური სილუეტის კონცენტრირებით, კაკაბაძის ბიომორფული აბსტრაქციები ევროპელთაგან, ყველაზე მეტად ჰანს არპის ნამუშევრებს უახლოვდება. თუმცა, არპისგან განსხვავებით, კაკაბაძე დაინტერესებულია ფერების მონაცვლეობით სიბრტყეზე სიღრმის ილუზიის შექმნის პრობლემით. ამ მიზნით იგი ღრმად შეისწავლის ჰელმჰოლცის და მაქსველის სამეცნიერო შრომებს და დიაგრამებს.


დ. კაკაბაძე. კომპოზიცია. 1924.


დ. კაკაბაძე. აბსტრაქცია. 1925.

დავით კაკაბაძე არასოდეს ყოფილა არც დადაისტების და არც სიურეალისტების გაერთიანების წევრი. მაგრამ მისი კოლაჟები და ბიომორფული აბსტრაქციები ორივე მიმდინარეობასთან ახლოს დგას.

სიურეალიზმზე როდესაც ვლაპარაკობთ, ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ მიმდინარეობის ადრეულ ეტაპს, როდესაც მირო, ერნსტი, მენ რეი, არპი - მანამდე დადაიზმის ბირთვი და ორგანული აბსტრაქციის შემქმნელები, სიურეალისტურ აბსტრაქციებს ქმნიან. დავით კაკაბაძისათვის სწორედ მათ მიერ განვითარებული ხაზი იყო განსაკუთრებით ახლობელი. ის ორგანულად აღმოჩნდა იმ ნაკადში, რომელმაც შემდგომ სიურეალიზმს ზურგი შეაქცია და განავითარა უკიდურესი აბსტრაქცია.


მარსელ დუშანი და ქეთრინ დრაიერი. 1936.

1926 წელს, ამერიკელი კოლექციონერი და მხატვარი, ავანგარდული ხელოვნების აპოლოგეტი ქეთრინ დრაიერი, საფრანგეთს და გერმანიას ეწვია, რათა ამერიკაში წარსადგენად, აქ უახლესი, ნოვატორული ხელოვნების ნიმუშები შეეგროვებინა. 1920 წელს, მან მარსელ დუშანთან და მენ რეისთან ერთად, შექმნა ე.წ. ანონიმური საზოგადოება, რომლის მიზანიც სწორედ ავანგარდული ხელოვნების ჩვენება, შეგროვება და შესწავლა იყო. პარიზში, დამოუკიდებელთა სალონში, დრაიერმა კაკაბაძის ნაწარმოებები იხილა და სახელოსნოში ეწვია მხატვარს, მისი ნამუშევრების შესაძენად. ასე მოხვდა ბრუკლინის საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც იმავე 1926 წელს მოეწყო, ნიუ-იორკში, ქართველი მხატვრის ნამუშევრები. ამ გზით აღმოჩნდა ისინი იელის უნივერსიტეტის სამხატვრო გალერეის კოლექციაში. (იხ. Herbert, R., Apter, E., Kenney, E., (eds.), The Societe Anonyme and the Dreier Bequest at Yale University, New Haven-London, 1984).


ანონიმური საზოგადოების და დრაიერის ძღვენი იელში, მოდერნული ხელოვნების უმდიდრეს კოლექციას წარმოადგენს. 1020 ნიმუშიდან, უმრავლესობა 1920-იანი წლების ავანგარდული ხელოვნების შედევრებია. მასში შედის მონდრიანის, გაბოს, კანდინსკის, დუშანის, მენ რეის, ბრანკუსის, პევზნერის, ბოჩიონის, მოჰოლი-ნაგის, მალევიჩის და სხვა მხატვართა საუკეთესო ნამუშევრები. მათთან ერთად არის წარმოდგენილი კაკაბაძის სკულპტურა „Z, განგმირული თევზი“ (1926) და მისივე 16 აკვარელი (1921). აღნიშნულ მხატვრებთან ერთად, იელის გალერის დარბაზებში კაკაბაძე წარმოაჩენს ეპოქას. აქ იგი თანადროული მსოფლიო ხელოვნების ავანგარდში დგას.


დ. კაკაბაძე. Z (განგმირული თევზი). 1925.


დ. კაკაბაძე. აბსტრაქტული ფორმა სივრცეში. 1925.


იელის სკულპტურა კაკაბაძის კოლაჟების ლოგიკური განვითარებაა სივრცეში. აქ იგი ისევ ხეს, ლითონს, ლინზებს და სადა, ორგანულ ფერებს იყენებს. სიბრტყეზე მიგნებული ფორმები მხატვარს სივრცეში გააქვს. დიაგონალი, რომელიც სიბრტყეზე სიღრმეს მიანიშნებს, სკულპტურას ისრის სახით აქვს მორგებული და ფორმას გარემოს დინამიკურ ნაწილად აქცევს. Z თავისი სრულყოფილი ფორმით და დინამიკური სივრცის ასახვის საშუალებებით ახალი მხატვრული ეპოქის ორნამენტად, მის სიმბოლოდ შეიძლება მივიჩნიოთ - იმ ეპოქის, რომელმაც მეოთხე განზომილება შემოიტანა ცნობიერებაში და შეცვალა დამოკიდებულება დროის და სივრცის მიმართ.

იმავე 1926 წელს, დავით კაკაბაძემ კიდევ ერთი სკულპტურა შექმნა, მაგრამ მისი ბედი უცნობია. არსებობს ერთადერთი ფოტო, რომლის მიხედვით შესაძლებელია მის შესახებ გარკვეული წარმოდგენის შექმნა. ეს ასევე აბსტრაქტული ქანდაკებაა. ის მართლაც ჰგავს თევზს, ამასთან, უფრო გამოხატულად, ვიდრე დრაიერის მიერ თევზად წოდებული Z. როგორც ჩანს, ის ასევე ხის არის და შეფერადებულია. აქაც გამოყენებულია ლითონის დეატალები და სარკისებრი ლინზები. სკულპტურის „მკერდი“ აბსტრაქტული ნახატით არის დაფარული. ნახატი დავით კაკაბაძის იმავე პერიოდის აბსტრაქტულ კომპოზიციებს უახლოვდება, რომლებიც კოსმიურ პეიზაჟებს მოგვაგონებს. ეს სკულპტურა უფრო დეკორატიული ხასიათის არის. ლითონის ღეროებით სივრცეში შექმნილი ნახატიც უფრო დანაწევრებულია. ორგანული, ემბრიონალური ფორმა აქაც სახეზეა. სკულპტურა დასრულებულია, რასაც ბაზისზე მხატვრის ხელის მოწერა და შესრულების წელიც ადასტურებს. მაგრამ იელის ქანდაკება თავის თავში უფრო კონცენტრირებულია, ლაკონიურია და სრულყოფილი.


დ. კაკაბაძე. აბსტრაქცია. 1927.


დ. კაკაბაძე. აბსტრაქცია. 1927.


1926-27 წლებში, პარიზიდან წამოსვლის წინ, დავით კაკაბაძემ შექმნა ფერწერული აბსტრაქციების სერია, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ ავტორი არის მეცნიერი - ბუნებისმეტყველი. ისინი განსაკუთრებით კარგად იწერება აბსტრაქტული სიურეალიზმის ფარგლებში. წინა პერიოდის აბსტრაქციებთან შედარებით, ისინი უფრო დაწვრილმანებულია. აქ დავით კაკაბაძე არარეალურ სამყაროებს ქმნის, რომლებიც ხშირად კოსმიურ პეიზაჟებს ჰგავს და თანაც, მიკროსკოპში დანახულ უჯრედს ან პლაზმას უახლოვდება. ზოგჯერ ჩვენ აქ კვლავ ემბრიონალურ გამოსახულებას ამოვიცნობთ. ზოგი დეტალი დღევანდელ ექო-გამოსახულებებსაც ემსგავსება. გარეგან ჩარჩოს, მის პარალელურად, მიუყვება საღებავის ხაზით შემოფარგლული შიდა ჩარჩო, რომელიც მაორგანიზებელ ფუნქციას ასრულებს მაშინაც, როდესაც ნახატი სცილდება ამ ზღვარს.

ეს ფერადოვანი კომპოზიციები, ერთსა და იმავე დროს ცის კაბადონთან და ბიოლოგიურ უჯრედებთან სიახლოვით, ნათლად ავლენს, რომ ბუნებაში მაკრო- და მიკრო- სამყაროები ერთსა და იმავე წესრიგზეა დაფუძნებული, ერთი და იგივე კომპოზიციური წყობა გააჩნიათ. ეს ის წესრიგია, კოსმიურ ქაოსსაც კი გარკვეულ ორგანიზაციულ წყობას რომ ანიჭებს. კაკაბაძის შემოქმედება სწორედ ამ მყარ ნიადაგზე დგას. (შემთხვევით არ აქვს მიხატული თავის ადრეულ ესკიზზე უჯრედთა სისტემა). ის ბუნებაში ჰპოვებს შთაგონებას და შეიძლება ე.წ. კონკრეტული ხელოვნების წინამორბედად ჩაითვალოს. ამ მიმდინარეობაზე მას ალბათ ინფორმაციაც კი არ გააჩნდა, რადგან ის 1931 წლიდან განვითარდა ევროპაში, როდესაც კაკაბაძე, როგორც საბჭოთა მოქალაქე, უკვე მოწყვეტილი იყო ხელოვნების განვითარების ლოგიკურ ჯაჭვს.


დ. კაკაბაძე. აბსტრაქცია. 1927.

 კონკრეტული ეწოდა უკიდურესად აბსტრაქტულ ხელოვნებას, რომელსაც არ ახასიათებს რეალობის თუნდაც მცირე ნატურალისტური მსგავსება, მაგრამ იმავე ჰარმონიაზეა დაფუძნებული, რაზეც უნივერსალური სამყარო. „აბსტრატული ხელოვნება ათავსებს ახალ სამყაროს, რომელსაც ერთი შეხედვით არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, რეალური სამყაროს გვერდით. უფრო ღრმად, მას „კოსმიური სამყაროს“ კანონები მართავს. და ამგვარად, „ხელოვნების ახალი სამყარო“ „ბუნების სამყაროსთან“ არის გადაჯაჭვული. ეს „ხელოვნების სამყარო“ ისევე რეალურია, როგორც კონკრეტული. ამიტომ ვამჯობინებ ე.წ. „აბსტრაქტულ ხელოვნებას“ ვუწოდო „კონკრეტული ხელოვნება," - ამბობს კანდინსკი (Wassily Kandinsky, by H. Duchting, Taschen, 2000, p.86). როგორც კონკრეტული ხელოვნების წარმომადგენელი, ის 1930-1940-იან წლებში სწორედ ბიომორფულ აბსტრაქციებს ქმნიდა. იგივე ხაზი განავითარეს თავიანთ შემოქმედებაში არპმა, მირომ, გაბომ, - თავის დროზე დადას, შემდგომ სიურეალისტური აბსტრაქციის წარმომადგენლებმა და 1930-იან წლების დასაწყისიდან, კონკრეტული ხელოვნების სულისჩამდგმელებმა.

 

დღევანდელი ტექნოლოგიები ადამიანის ორგანიზმში შეღწევის და ემბრიონის განვითარების ფაზების დაკვირვების საშუალებას იძლევა.
    კაკაბაძის დროს, იმის მსგავსი ფერადი და თანაც სამგანზომილებიანი გამოსახულებები, როგორიც დღეს არის ხელმისაწვდომი, ნამდვილად არ არსებობდა. მაგრამ მისი თვალი თითქოს დღევანდელი აპარატურის შესაძლებლობებს ფლობდა, ორგანულ ფერებს და ფორმებს ჭვრეტდა. რატომ განვითარდა ორგანული აბსტრაქცია სწორედ სიურეალიზმის განვითარების პერიოდში? როგორც ჩანს, ფსიქოანალიზმმა, ქვეცნობიერში შეღწევის სურვილმა მხატვრებს არა მხოლოდ ადამიანის აზროვნებაში, არამედ მის სხეულში ვირტუალური მოგზაურობის უნარიც მისცა. კაკაბაძემ - ბუნებისმეტყველმა, ისევე როგორც ნაუმ გაბომ, რომელსაც საინჟინრო განათლებაც ჰქონდა მიღებული, მუშაობის პროცესში გამოიგონა აბსტრაქტული ფორმები, რომელთაც ანალოგი არ აქვთ ბუნებაში, მაგრამ მათ მსგავსს ხშირად ვხედავთ დღევანდელი კომპიუტერული აპარატების ეკრანებზე.