„Z“ - ქეთევან კინწურაშვილის არტლაინი

დავით კაკაბაძე

(1889-1952)

დიდი ქართველი მოდერნისტი


პოლიტიკური წნეხის მსხვერპლი

 

1927 წელს კაკაბაძე საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოში მხატვარს ისეთი სიტუაცია დახვდა, რომელსაც ვერ წარმოიდგენდა. კოლეგების უმრავლესობა აკრიტიკებდა, კრიტიკოსები თავს ესხმოდნენ. ნამუშევრებში გამოყენებულ „რაღაც კუბებს და მინებს“ უწუნებდნენ. სანამ არსებულ მდგომარეობაში გაერკვეოდა, დავითი ძირითადად თეატრის და კინოსთვის მუშაობდა. სახელმწიფო აღლუმების გაფორმებაშიც იღებდა მონაწილეობას. საქართველო ამ დროს უკვე კომუნისტური ბანაკის ნაწილი იყო. ზოგი მოდერნისტული „გადმონაშთი“ ინერციით კიდევ განაგრძობდა არსებობას, მაგრამ თანდათანობით ახლოვდებოდა ის დრო, როდესაც რკინის კარი საბოლოოდ ჩაირაზა და საბჭოთა რესპუბლიკები ხელოვნურად მოწყვიტეს დანარჩენ სამყაროს. 1932 წლიდან სოცრეალიზმი დაკანონდა როგორც ერთადერთი დაშვებული სტილი ხელოვნებაში. კაკაბაძემ იმ დრომდე თეატრში მოასწრო ისეთი ნოვატორული ნამუშევრის შექმნა, როგორიც არის სპექტაკლის „ჰოპ-ლა, ჩვენ ვცხოვრობთ“ (ე.ტოლერის პიესა, ქუთაისი - ბათუმის თეატრი, რეჟისორი კ. მარჯანიშვილი, 1928) გაფორმება. ამ სპექტაკლში მან პარიზში კოლაჟების სახით შესრულებული ექსპერიმენტები სასცენო სივრცეში გადაიტანა. სპექტაკლში ჩართული კინო-ფრაგმენტები, განათების ეფექტები, სარკის ბურთი როგორც ანარეკლის წყარო, - ყველაფერი სასცენო მოქმედებაში მონაწილეობდა და თავად განსაზღვრავდა თამაშის პირობას.


ერნსტ ტოლერი. ჰოპ-ლა. ჩვენ ვცოცხლობთ. სასცენო დიზაინი დ კაკაბაძის. 1928.

1929 წელს დავით კაკაბაძემ გააფორმა ფილმი „სვანეთის მარილი“ ( რეჟისორი მ. კალატოზიშვილი, სცენარი ვ.ტრეტიაკოვის). ეს, ცხადია, შავ-თეთრი, უსიტყვო ფილმია, რომელსაც სუბტიტრები მისდევს. კაკაბაძის ნამუშევარი ამ ფილმში კინოს მხატვრობის ნამდვილი შედევრია. წარმოდგენილი ობიექტები, განათების დრამატურგიის და გადაღების რიტმის წყალობით, აბსტრაქციებად იქცევა, თუმცა არსად ხდება მათი გაბუნდოვანება, ადგილი არ აქვს დეფორმაციას. ყველაფერი იკითხება. მაგრამ სინათლის ზემოქმედებით, ხაზს და რიტმს, შავის და თეთრის კონტრასტებს განსაკუთრებული დატვირთვა ეკისრება. ეს ფილმი, თავისი ენერგეტიკით, აბსტრაქტულ-სიურეალისტური ხასიათით პარალელს ჰპოვებს ლუი ბიუნუელის და სალვადორ დალის ფილმთან „ანდალუსიელი ძაღლი,“ რომელიც იმავე 1929 წელს არის შექმნილი. მის შესახებ კაკაბაძეს ინფორმაცია ვერ ექნებოდა. ის, როგორც მოაზროვნე მხატვარი, შინაგანი ინტუიციით მიჰყვებოდა და გამოხატავდა ეპოქას.


დ. კაკაბაძე. ყვითელი მთა. 1934.

1930-იანი წლებიდან დავით კაკაბაძე კვლავ დაუბრუნდა პეიზაჟის თემას. ის ბევრს მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა რაიონში. ხატავდა, იღებდა ფოტოებს. ფილმიც შექმნა ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების შესახებ, მაგრამ მოსკოვის კომისიამ დაიწუნა იგი. მიზეზი ასე ჩამოაყალიბეს: ფილმი არ ეფუძნებოდა მარქსისტულ იდოლოგიას. დიდი ისტორიული და მხატვრული ღირებულების კინო-სურათი უგზოუკვლოდ დაიკარგა.


დავითი ფილმის გადაღებაზე. 1930.

მოთხოვნები რომ დაეკმაყოფილებინა, კაკაბაძემ იმერეთის „ხალიჩისებრ“ პეიზაჟებში ელექტროსადგურის გამოსახულება ჩართო. არც ეს მოუწონეს - სოციალიზმის მშენებლები არ ჩანანო. მან ერთ-ერთ სურათში, იმერეთის მთის ქვეშ, დემონსტრანტები წარმოადგინა, ტრანსპარანტებით („მიტინგი იმერეთში“, 1942). ტრანსპარანტებზე ლენინის, სტალინის და ბერიას პორტრეტები იყო გამოსახული. ეს ისტორიული ტილოა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ხრუშჩოვმა ბრძოლა გამოაცხადა „პიროვნების კულტის“ წინააღმდეგ, მუზეუმის საცავში, კაკაბაძის ტილოზე, ბერიას და სტალინის პორტრეტები საღებავებით გადაფერეს.


დ. კაკაბაძე. მიტინგი იმერეთში. 1942.

 

დავით კაკაბაძე ფართო საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა. ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, წერდა თეორიულ წერილებს, კითხულობდა მოხსენებებს. მაგრამ 1948 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიაში მოსკოვის კომისია ჩამოვიდა. ამის შემდეგ, დავით კაკაბაძეს შრომის წიგნაკში ჩაუწერეს, რომ მას არ შესწევდა სტუდენტების სოციალისტური რელიზმის პრინციპებით აღზრდის უნარი. „ფორმალისტი“ მხატვარი, რომელიც საშიშროებას წარმოადგენდა საბჭოთა სისტემისათვის, სამსახურიდან დაითხოვეს. უხელფასოდ დარჩენილი, ის სხვადასხვა მმართველობით ორგანოს თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას (მათ შორის, საშუალო სკოლებს) მიმართავდა თხოვნით, სამი წლით მაინც მიეცათ რომელიმე დისციპლინის, მაგალითად, ხატვის, ხაზვის, ბიოლოგიის, ფიზიკის ან ფრანგული ენის სწავლების საშუალება, რათა შემდეგ პენსიის მიღების უფლება ჰქონოდა. მაგრამ მის თხოვნას ყველა ინსტანციაში უპასუხოდ ტოვებდნენ.


დავითი თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1940.

 

სოცრეალიზმზე ფიქრმა და არსებულ სიტუაციაში რაციონალური გამოსავლის მონახვის სურვილმა, დავით კაკაბაძე კვლავ ავანგარდულ შემოქმედებით აღმოჩენამდე მიიყვანა. მან სტალინის მოცულობითი პორტრეტის შექმნა გადაწყვიტა. 1950 წელს მხატვარმა გამოიგონა ფოტოდან ან სხვა სახის ბრტყელი გამოსახულებიდან მოცულობითი გამოსახულების მიღების ნოვატორული მეთოდი. დავით კაკაბაძის სახელოსნოში შემოინახა როგორც ამ ჩანაფიქრის თეორიული აღწერილობა და ნახაზი, რაც გამოქვეყნებულია, ისე მის მიერ შესრულებული მცირე ზომის ესკიზები. ჩანაფიქრი კი შემდეგში მდგომარეობს: ფოტოზე არსებული გამოსახულება ნაწევრდება ურთიერთპარალელურ ვერტიკალურ მკვეთავ სიბრტყეებად - ყველაზე მოცულობითი, წინა პლანზე არსებული ნაკვთიდან (კერძოდ, ცხვირის წვერო) და შემდეგ, მონაცვლეობით, თვალების და ყურების გავლით, თმების ჩათვლით, უკანა ხედვით პლანამდე. თითოეული შერჩეული სეგმენტი უნდა გადაღებულ (ან დახატულ) იქნას გამჭვირვალე მინაზე. დავით კაკაბაძეს რამდენიმე ვარიანტი აქვს შესრულებული და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, 12 მინა აქვს გამოყენებული. შემდგომ თითოეული მინა, იმავე თანმიმდევრობით და ერთმანეთისაგან ისეთი დაშორებით განლაგდება, როგორც რეალობას შეეფარდება და კონსტრუქცია გამჭოლად ნათდება. მიღებული გამოსახულება რეალისტურად აღიქმება, ამასთან, სამ განზომილებაში. ეს გამოგონება ლაზერამდელი ჰოლოგრამის ერთ-ერთ წინამორბედად შეიძლება ჩაითვალოს.

     ამ პროექტის ესკიზები (9სმ x 12სმ) სრულიად ნათელს ხდის, თუ რამდენად შთამბეჭდავი იქნებოდა დიდი ზომის მინის ფილებიდან შექმნილი, სათანადოდ შენათებული მოცულობითი გამოსახულება. ეს უნდა ყოფილიყო ნოვატორული კონსტრუქცია, ახალი სიტყვა ხელოვნებაში. პირადად დავით კაკაბაძის შემოქმედებაში ეს მისი მხატვრული ძიებების და გამოგონებების ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა.
    რატომ არ უნდა მიეცათ კაკაბაძისათვის ამ პროექტის ხორცშესხმის შესაძლებლობა? ალბათ უბრალო მიზეზის გამო - მისი მეთოდი ავანგარდულ აზროვნებას ამჟღავნებდა. ის, რასაც დავით კაკაბაძე სთავაზობდა საბჭოთა მოხელეებს, ხელოვნებაში იმ წამოწყებათა გაგრძელებას წარმოადგენდა, რაც ერთიანად მოსპო წითელმა რევოლუციამ. თუნდაც სტალინის პორტრეტი ყოფილიყო, თანაც რეალისტურად აღქმადი, თავისი ფორმით ეს ნამუშევარი სიახლეს ნერგავდა, რასაც ყველაზე მეტად ებრძოდა ტოტალიტარული რეჟიმი. ამოცანისადმი თავისუფალი მიდგომა ნებადართული არ იყო. პროექტი განუხორციელებელი დარჩა. სულ მალე დავით კაკაბაძე გულის ინფარქტით გარდაიცვალა.


დ. კაკაბაძე. წითელი მთა. 1944.


დასასრული

დავით კაკაბაძის მიერ შექმნილი იმერეთის პეიზაჟები, ბუნების ერთსა და იმავე დროს, კონკრეტული და თანაც განზოგადებული სახეა. ასეთ იმერეთს ჩვენ ვხედავთ რეალობაში და ამავე დროს, რეალობაში ვერ ვნახავთ ზუსტ წერტილებს, საიდანაც ზუსტად არის ასახული ესა თუ ის ხედი. კაკაბაძე ასახავს ხედვითი პეიზაჟის არსს და არა მის ასლს. ამ თვალსაზრისით, მისი „წითელი მთა“ პარალელს ჰპოვებს ჰოკუსაის ფუძის მთის სერიასთან. ჰოკუსაი სხვადასხვა წერტილიდან გამოსახავს ფუძის და არც ერთ შემთხვევაში არ გამოხატავს მას ისე, როგორც ჩანს, არამედ გვიჩვენებს ისე, როგორც თავად ხედავს. მაგრამ, ერთი ავტორის თქმით, როდესაც ის შორს არის იაპონიიდან და იხსენებს, თუ როგორია ფუძი, მას სწორედ ჰოკუსაის ფურცლები ახსენდება. ასე ხდება ბუნების შიდა სულის განზოგადება (The Hokusai Sketch-Books, Selections from the Manga, by J.A.Michener, Vermont & Tokyo, 1971, p. 128-132). ამის უფლებას როგორც ჰოკუსაის, ისე კაკაბაძეს, მათი მყარი, კლასიკური აზროვნება აძლევს. ბუნებაზე შეყვარებული კაკაბაძე მას გაწონასწორებული თვალით და გონებით წარმოგვიდგენს. ის არ მიმართავს გარეგნულ ექსპრესიულ საშუალებებს, არ გამოსახავს პირადულ გრძნობებს, არამედ აღამაღლებს ნანახს და განცდილს.


დავითი ბაგრატის ტაძრის აფსიდში. 1950.


დავით კაკაბაძე მსოფლიო მასშტაბის ფიგურაა. მისი ხელოვნება უდიდეს სულიერ და ასევე, მატერიალურ სგანძურს წარმოადგენს. ფართოდ წარდგინების შემთხვევაში, ის მთელს ინტელექტუალურ სამყაროს გაამდიდრებს და ბევრ შემოქმედს - მხატვარსა თუ მეცნიერს, სტიმულს მისცემს, აზროვნების არეალს გაუფართოებს.
დავით კაკაბაძეს თავის დროზე თბილისის სამხატვრო აკადემიაში დარჩენის და სტუდენტებისათვის თავისი გამოცდილების სრულყოფილად გაზიარების საშუალება რომ მისცემოდა, დღეს სამხატვრო აკადემიაც და დღევანდელი ქართული ხელოვნებაც (და კულტურაც) ბევრად უფრო შეთანხმებული იქნებოდა დროსთან.


ქეთევან კინწურაშვილი.  2005

ხელოვნებათმცოდნე

 
ქეთევან კინწურაშვილის მონოგრაფია - „დავით კაკაბაძე, მე-20 საუკუნის კლასიკოსი“ - 2002 წელს გამოიცა, სანკტ-პეტერბურგში.

ნახეთ აგრეთვე: ქართული ხელოვნება. წარსული და აწმყო.